სულგუნი
სულგუნი — ქართული ყველის სახეობა. მზადდება ძროხის ან კამეჩის ახალმოწველილი რძისგან. ტრადიციულად სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში აწარმოებდნენ. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. შენახვის ხანგრძლივობით გამოირჩევა შებოლილი სულგუნი, რომელიც მკვრივია და სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო აქვს.